25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები, ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

“ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. არჩევნების წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა EPP-იმ 189-ა ადგილი მიიღო; რაც წინა არჩევნებთან შედარებით 13 ხმით მეტია. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა “სოციალ-დემოკრატების ბლოკი 135-ი მანდატით. ხმები დაკარგეს “ევროპულმა განახლებამ“ და მწვანეებმა. სანაცვლოდ ევროპარლამენტში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა - “ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს“ 73-ი ადგილი ექნებათ, “იდენტობა და დემოკრატიას“ 58 მანდატი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ევროპის არა ერთ ქვეყანაში დაიკავეს პირველი ადგილი - მათ შორის არიან საფრანგეთი, გერმანია და ავსტრია.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტები რობერტა მეცოლა და ურსულა ფონ დერ ლაიენი ორივე “ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან, შესაბამისად არ არის გამორიცხული, ისინი ამ პოსტებზე ხელახლა აირჩიონ.

არჩევნების წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე დასავლური მედია წერს, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი კვლავაც უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება. გარდა ამისა ახალი პარლამენტი დარჩება ევროკავშირის გაფართოების მომხრედ.

“ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი: უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს.

ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა,“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დღის ამბები