25 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, მათი რუსული გავლენისგან გათავისუფლების სურვილი აშკარაა, ის, თუ საით წავა საქართველო, მნიშვნელოვანია აშშ-თვის" - სენატორი მიტჩ მაკკონელი

რესპუბლიკელი სენატორი და შეერთებული შტატების სენატში უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

სენატში გაკეთებულ განცხადებაში ამერიკელი კანონმდებელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. მაკკონელმა ქართველი ხალხისადმი გზავნილში, რეგიონულ კონტექსტზეც ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია დიდია, ის ქრონიკულად არის გაყოფილი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. პარტიების უსუსური ლიდერების მიუხედავად, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად. მათი თვითგამორკვევისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლების სურვილი აშკარაა.

ის, თუ საით წავა საქართველო, დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საქართველოს მეგობრებო, მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი კიდევ უფრო იამაყებენ. მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა მათ გვერდით დაატოვებინებს წვრილმან უთანხმოებებს და გააერთიანებს.

რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მომენტი საქართველოს მმართველი პარტიისთვის, რომ მიხვდეს, თუ რა ფასი აქვს ხალხის სურვილის დაიგნორებას იმის გამო, რომ პუტინის ახირება შეასრულო და შეაჩერონ დასავლეთთან ურთიერთობის მსხვრევა. იმედი მაქვს, რომ თბილისში ძალაუფლების მქონე პირები ქვეყნის სუვერენიტეტს მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და გაიწვევენ "რუსულ კანონს“ პარლამენტიდან," - აცხადებს სენატორი.

დღის ამბები