25 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეთავაზება და ადასტურებს, რომ ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით" - შეფასებები ამერიკელი კონგრესმენის საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტზე

ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. მასში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს".

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამერიკელი პარტნიორების შეთავაზება მკაფიოა. 

"მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეთავაზება ადასტურებს, რომ ამერიკა და ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეთავაზება და ეს ადასტურებს იმას, რომ ამერიკა და ამერიკელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება გამალებით ცდილობს, დააშოროს საქართველო თავის მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ პროექტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს".

დღის ამბები