25 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არის ქედმაღლური - შალვა პაპუაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე

თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, რომელიც უცხოური ჩარევების თემას, წინასაარჩევნო კამპანიაში წამყვან საკითხად განიხილავს.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ სახეზეა ორმაგი სტანდარტი. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ არის აკრძალული საქართველოსთვის ის, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტი არჩევნებში წამყვან საკითხად იყენებს.

ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფონ დერ ლაიენმა დანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ის შექმნის "ევროპული დემოკრატიის ფარს", რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს.

"სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არის ქედმაღლური. ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის ან ევროპული ქვეყნებისთვის, რატომღაც არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის. არის სამწუხარო დამოკიდებულება. ეს აჩვენებს იმას, რომ რაღაც უფლება აქვთ სხვებს და ამ უფლებას თითქოს ჩვენ არ გვაძლევენ. მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს თვის მხრივ საჭიროებას უცხოური გავლენის შეზღუდვისა იმ მხრივ, რომ როდესაც ჩარევა არის პოლიტიკურ პროცესებში, ამისთვის საჭირო არის, რომ გარკვეული გამჭვირვალობის დონე იყოს და მავნე ჩარევა შეიზღუდოს.

თავად ქალბატონი ფონ დერ ლაიენი არის ევროკომისიის პრეზიდენტი და შესაბამისად, ევროკომისიის ინიციატივაა ის დირექტივა, რომელიც ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ევროკავშირში. ეს გარკვეულწილად აჩვენებს საქართველოს მიმართაც ფარისევლურ დამოკიდებულებას, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში დირექტივა მუშავდება, საფრანგეთი კანონს იღებს, ინგლისი, ამერიკაში მოქმედებს, ისრაელში მოქმედებს, ყველა ქვეყანა ფიქრობს ამაზე და ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა დაფიქრდა, ამიტომაც მიდის შემუშავება ერთიანი დირექტივისა, რომელიც დაავალდებულებს მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არჩევანი კი არა, ვალდებულება ექნებათ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა უზრუნველყონ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე.

ამ პროცესის ნაწილია ზუსტად საქართველო, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს ხედავთ, ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია მოქცეული საქართველო და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო საქართველოში, ამიტომაც საჭიროა ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის იყოს გამჭვირვალე, რათა მავნე გავლენები გამოირიცხოს,"- აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები