25 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
მემორანდუმი შუა დერეფანზე - EBRD და USAID შეთანხმდნენ, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაზე ერთად იმუშავებენ

EBRD და USAID შეთანხმდნენ, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაზე ერთად იმუშავებენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი კი საქართველოა. ფოკუსი სწორედ საქართველოზე, აზერბაიჯანსა და ასევე, სომხეთზე იქნება მიმართული. მიზანი კი ვაჭრობის ზრდა, ახალ ინდუსტრიებში ინვესტიციები, ტრანსპორტზე, ციფრულ ინფრასტრუქტურაზე თუ მწვანე ენერგეტიკაზე მუშაობაა. აზიისა და ევროპის დაკავშირებაში სამხრეთ კავკასიის როლის ზრდა მეტწილად რუსეთ–უკრაინის ომმა განაპირობა.

მემორანდუმი პოზიტიური სიგნალია სფეროს ექსპერტებისთვის, რომლის ნაწილიც ფიქრობს, რომ პარტნიორები ყველაზე დიდ რესურსს გაციფრულებაში ჩადებენ. ნაწილს კი იმედი აქვს, რომ EBRD და USAID ფინანსურ რესურსს კვლევებისთვისაც გამოყოფს, რადგან ნაკვლევ საკითხებზე ინვესტიციების მოზიდვა საქმეს ამარტივებს. მიუხედავად სხვადასხვა სატრანსპორტო პროექტისა, საქართველოსთვის გამოწვევად მაინც ინფრასტრუქტურა რჩება, განსაკუთრებით კი - საზღვაო კომპონენტში.

შუა დერეფანი მხოლოდ სატრანსპორტო-ეკონომიკური პროექტი არაა და მას გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. მარშრუტში, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაა ჩართული. ის ჩინეთიდან იწყება, კვეთს შუა აზიის ქვეყნებს: ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს, გადის კასპიის ზღვაში და, ვიდრე ევროპას მიაღწევს, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხვდება. ამგვარად, შუა დერეფანი აზიასა და მის მთავარ მოთამაშე ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით აკავშირებს. სწორედ ამიტომაა, რომ ამ პროექტის მიმართ პეკინის ინტერესი არ ნელდება. ეს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დღეს ჩინეთის ელჩმაც პირდაპირ თქვა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შუა დერეფანში ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმებას ხელი ერევანში მოაწერეს. სომხეთი EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობდა.

 

დღის ამბები