ამსტერდამის უნივერსიტეტში სპეცდანიშნულების რაზმმა პროპალესტინური დემონსტრაცია დაშალა. საპოლიციო ძალები უმაღლეს სასწავლებელში ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე შევიდა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კამპუსში შეჭრა სცადეს. პროპალესტინური აქციის მონაწილეები, ამსტერდამის უნივერსიტეტს ისრაელის სასწავლებლებთან აკადემიური თანამშრომლობის გაუქმებას სთხოვდნენ. დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის ეზოში კარვები გაშალეს და ბარიკადებიც აღმართეს, თუმცა ამან ისინი სპეცრაზმისგან ვერ დაიცვა. ნიდერლანდელმა სამართალდამცველებმა განსაკუთრებით აგრესიული მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და ხელკეტები გამოიყენეს.
ამსტერდამში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია, ძალადობასა და ქაოსში გადაიზარდა. ვითარების გამწვავება ამსტერდამის უნივერსიტეტში სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ხელკეტებითა და ძაღლებით დემონსტრაციის დაშლის მცდელობას მოყვა. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტებმა კარვები გაშალეს და სასწავლო ინვენტარით ბარიკადები აღმართეს. ბარიკადებს პოლიციამ ბულდოზერით გადაუარა .სტუდენტებს დემონსტრაციაზე ლექტორებიც შეუერთდნენ.
უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ღაზაში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ღაზაში პალესტინელების გენოციდი ხდება რის წინააღმდეგადაც ნიდერლანდების მთავრობა არაფერს აკეთებს.
სტუდენტები ისრაელსა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური ურთიერთობების გაუქმებას მოითხოვენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართა, რაც დემონსტრანტებმა კამპუსში შეჭრა სცადეს. სტუდენტთა საბჭო უნივერსიტეტის ბორდის გადადგომას ითხოვს. უნივერსიტეტის ბორდი კი აცხადებს, რომ სტუდენტების მხრიდან სასწავლო დაწესებულებაზე მიყენებული ზარალი მილიონ ნახევარ ევროს აჭარბებს.
შეწყდეს პალესტინელების გენოციდი ღაზაში - ამ ლოზუნგით სტუდენტების დემონსტრაციები ევროპის სასწავლო დაწესებულებების გარდა შეერთებული შტატების უნივერსიტეტებშიც იმართება.