25 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
"თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად" - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა კანონპროექტის მიღებას აფასებს და სოციალურ ქსელში პოსტს ინგლისურთან ერთად ქართულ ენაზეც აქვეყნებს.

"თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად," - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას ასე გამოეხმაურა:

"ფართოდ გავრცელებული პროტესტის და შეშფოთების მიუხედავად "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონის მიღება, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. პროგრესის და ნდობის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს."

განცხადებას ავრცელებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც:

"ქართული "უცხოური აგენტების კანონი" ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ახლა ის მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ კანონი და დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ვალდებულებები," ვკითხულობთ ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებაში.

"რუსული მოდელის "უცხო ქვეყნის აგენტების კანონის" დანერგვით, საქართველოს მმართველი პარტია საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს კანონი დე ფაქტო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და წევრობის კრიტერიუმებთან. მასობრივი პროტესტი ასევე აჩვენებს, რომ კანონი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული მომავლისთვის," - წერია ევროპარლამენტის დემოკრატებისა და სოციალისტების პროგრესული ალიანსის ჯგუფის განცხადებაში.

თავის მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო.

"კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად," - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებას ავრცელებს ჯიმ რიშიც:

"დღეს სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-სთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს - წერს X-ზე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში.

 

დღის ამბები