25 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე  ასეთი სახის გაუგებრობები შეიძლება იყოს - შალვა პაპუაშვილი 

პრემიერის მიმართ ამერიკისგან როდესაც ხდება შეთავაზება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, და დამყარებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის მიმართ ვიზიტთან დაკავშირებით, შეთავაზება როდესაც ხდება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და იმ ნდობით ურთიერთობას, რომლითაც ვუყურებთ ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის მიმართ.

ჩვენ სხვადასხვა დროს გამოგვიჩენია, რას ნიშნავს, ჩვენი გაგებით, პარტნიორობა. ჩვენს პარტნიორებს გავყევით ომში ავღანეთში და მხარდამხარ ვიბრძოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არანაირი პირობა არ გვქონდა დაყენებული. ჩვენ გვესმოდა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უსაფრთხოების სახით მსოფლიოს წინაშე და ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებდით ამ საკითხზე. მოლოდინია, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იქნება და როდესაც არის სურვილი საუბრის, ვიზიტის განხორციელების, წინაპირობები არ იქნება დაყენებული, ვინაიდან ეს, გარკვეულწილად, ჩრდილს აყენებს დამოკიდებულებას, იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ხდება ასეთი წინაპირობების დაყენება," – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები