საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი აღდგომის დღესასწაულისთვის ოძისისა და ქარზმანის გადასასვლელი პუნქტების დროებით გახსნას მიესალმება.
ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"მივესალმები მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე, 3-6 მაისის პერიოდში ოძისისა და ქარზმანის გადასასვლელი პუნქტების გახსნას. ეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ თავიანთი ოჯახის წევრებსა და მოინახულონ რელიგიური ადგილები.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის თანაფასილიტატორები კვლავ მხარს უჭერენ ყველა გადასასვლელი პუნქტის სრულ გახსნას. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას აქვს ნეგატიური გავლენა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე,"- ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში.