25 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
"ქართული ოცნების" სახალხო შეკრება და პოლიტკური განცხადებები სესიაზე - ვინ როგორ აფასებს ხელისუფლების აქციას

"ქართული ოცნების" სახალხო შეკრება, მეორე დღეს, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დისკუსიის მთავარი თემა იყო. პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებებიც სწორედ შეკრების შეფასებით გაიხსნა. ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა არაერთი ბრალდება - "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართული ოცნება" აქციაზე, ხალხის იძულებით მიყვანაში დაადანაშაულა. ითქვა, რომ მათ მოქალაქეები რეგიონებიდან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოიყვანეს, მათ მიმართ კი, ოპოზიციამ შეურაცხმყოფელი შეფასებებიც გამოიყენა. ეს სახელისუფლებო გუნდს უპასუხოდ არ დაუტოვებია - მმართველმა პარტიამ "ნაციონალური მოძრაობა" სიძულვილის ენის გამოყენებასა და საზოგადოების ბულინგში დაადანაშაულა, გაიხსენეს მათი მმართველობის პერიოდიც.

შეკრებილების მიმართ შეურაცხმყოფელი შეფასებები ჰქონდა "ლელოსაც", განსაკუთრებით კრიტიკული სალომე სამადაშვილი აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მიმართ იყო. "სტრატეგია აღმაშენებელმა" კი, სახალხო შეკრება, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა, "ქართული ოცნების" მარცხად აღიქვა. გიორგი ვაშაძემ მმართველ ძალას უთხრა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს განცხადებები არასერიოზული აღმოჩნდა. მმართველმა პარტიამ, სხდომაზე ოპონენტებს არაერთხელ განუმარტა, რომ შეკრებაზე 200 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მხარს მშვიდობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროპულ გზას უჭერდა.

ოპოზიციის შეფასების მიღმა არც ის განცხადებები დარჩენილა, რომელიც სახალხო შეკრებაზე მმართველი პარტიის ლიდერებმა გააკეთეს. ხელისუფლების ოპონენტებმა შეკრება და გზავნილები ანტიევროპულთან ერთად საზოგადოების დაშინების მცდელობად აღიქვეს, კითხვები დასვეს გამჭვირვალობის კანონის შესახებაც. "ქართული ოცნების" გარდა, დღეს ოპოზიციისგან კრიტიკა თავად ოპოზიციის მიმართაც გაისმა - "გირჩმა" კოლეგებს დისკუსიის გახსნა შესთავაზა, თუმცა, მათ ამ შეთავაზებას დღეს არავინ უპასუხა.

პოლიტიკური განცხადებების ბოლოს, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გუშინდელმა შეკრებამ, ხალხის მასშტაბურმა მხარდაჭერამ "ქართულ ოცნებას" მისცა ლეგიტიმური უფლება, დაამტკიცოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი და განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

პოლიტიკური განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტმა მუშაობა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით გააგრძელა - დეპუტატებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები დაამტკიცეს, შემდეგ კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის", მეორე მოსმენით განხილვა დაიწყეს.

დღის ამბები