25 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
კანის კიბო, პიგმენტური ლაქები, ალერგია, დამწვრობა - რას იწვევს სოლარიუმი და რამდენად საზიანოა ის ჯანმრთელობისთვის

მელანომა, კარცინომა, კანის კიბო, მხედველობის დაზიანება. სოლარიუმში ხშირმა სტუმრობამ, შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მიგიყვანოთ. მართალია, ხელოვნური ულტრაიისფერი სხივები გარუჯვის სწრაფი და მარტივი გზაა, თუმცა ეს გზა შესაძლოა საბოლოოდ ძალიან მძიმე დაავადებებამდე მივიდეს. სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები, სიძლიერით 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში არსებულ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს - ამიტომ რისკი დიდია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას სმენია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სოლარიუმზე მოთხოვნა მაინც დიდია.

მაგალითად, "კურიერი PS-ის" რესპონდენტი მარიამ მოდებაძე ჰყვება, რომ სოლარიუმს წლების განმავლობაში სტუმრობდა, შედეგი კი იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. მას ექიმებმა კანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. დღეს განიკურნა, თუმცა ვერაგი დაავადების დაბრუნების რისკი მაინც არსებობს.

სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივებით დაზარალებული ადამიანების რაოდენობა საკმაოდ ბევრია.

ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის კვლევებით ირკვევა, რომ სოლარიუმი მზეზე უფრო საშიშია. მისი გამოყენება კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმების - ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის გაჩენის რისკს 58 პროცენტით, ხოლო ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის გაჩენის რისკს 24 პროცენტით ზრდის. შესაძლოა გახდეს კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმის - მელანომის გაჩენის საფუძველიც.

კანის კიბოს გარდა, სოლარიუმი რიგ შემთხვევებში იწვევს ალერგიას, აკნეს, პიგმენტურ ლაქებს. დერმატოლოგები ადასტურებენ, რომ მისი ულტრაიისფერი სხივები სასარგებლო შესაძლოა, მხოლოდ ფსორიაზის დროს იყოს, ისიც დოზირებულად და ექიმის დანიშნულებით, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივიც და ხელოვნური რუჯიც ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანოა.

სოლარიუმით გარუჯვა ბრაზილიაში, ავსტრალიასა და ამერიკის რამდენიმე შტატში უკვე აკრძალულია. ამ აპარატის გამოყენებით გარუჯვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ეკრძალებათ ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. საქართველოში შეზღუდვები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა უკვე ყველამ იცის, რომ სოლარიუმი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

დღის ამბები