დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის 795-ე დღეა. რუსეთი ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინის ენერგოსისტემებს მასიურად უტევს.
ოკუპანტებმა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის სამ ოლქში მიიტანეს დარტყმები. რუსული ძალები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქების ენერგოობიექტებს. რუსეთმა მნიშვნელოვნად დააზიანა ოთხი თბოელექტროსადგური.
ამის პარალელურად კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გვიან ღამით, უკრაინამ რუსეთის მიმართულებით ერთ-ერთ ნავთობ ბაზაზე დრონები გაუშვა. მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეც, "კალუგის" ოლქში მდებარე ნავთობის ბაზა იყო. რუსული მხარის ცნობით, უკრაინიდან გაშვებული დრონებიდან ცხრა "ბრიანსკის" ოლქში ჩამოაგდეს, სამი - კურსკის ოლქში, ხოლო ორი - ბელგოროდის ოლქში.
ბოლო 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე 88 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ჯარებმა 32 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. დაიბომბა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაევის დასახლებები, არიან დაშავებულებიც.
უკრაინა უპრეცედენტო დახმარების მოლოდინშია. კონგრესმა დახმარების 61 მილიარდიანი პაკეტი უკრაინისთვის 6 თვიანი ლოდინის შემდეგ დაამტკიცა. უკვე ცნობილია ისიც, რომ პენტაგონი უკრაინას 6 მილიარდი დოლარის ღირებულების - საჰაერო თავდაცვით სისტემებს, დრონ-საწინააღმდეგო დანადგარებს და სხვა საჭირო შეიარაღებასთან ერთად საარტილერიო - საბრძოლო მასალებს გადასცემს.
უკრაინაში შეიარაღების ჩასვლას დრო სჭირდება, თუმცა მას უკრაინისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის მოტანა შეუძლია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინას უწევდა საბრძოლო მასალის დაზოგვა, რამაც აღმოსავლეთით გარკვეული ტერიტორიის დაკარგვა გამოიწვია, მათ შორის ქალაქი ავდიივკის.
რუსულ ძალებზე გასამკლავებლად და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, უკრაინა ახლა ამერიკის დახმარებას ელის, რომელიც კიევში რამდენიმე კვირაში ჩავა.