25 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ვაშინგტონის უპრეცედენტო დახმარება კიევს - პენტაგონი უკრაინას 6 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალებს უყიდის

პენტაგონი უკრაინას 6 მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღებას უყიდის. ამ ყველაფრის გაკეთებას ლოიდ ოსტინის უწყება ამერიკაშივე გეგმავს, თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობით. საუბარია "პეტრიოტებსა" და "ნასამსის" საჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის კრიტიკული კომპონენტების შეძენაზე, დრონ-საწინააღმდეგო დანადგარებზე, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა საჭირო შეიარაღებაზე. თანხა ტექნიკურ უზრუნველყოფაზეცაა გათვლილი. ეს ომის დაწყების დღიდან ყველაზე დიდი დახმარებაა, რაც ვაშინგტონიდან კიევში გაგზავნილა.

"პეტრიოტების" რაკეტები გაიგზავნება, თუმცა ჯერ არაფერი თქმულა მათ გამშვებ სისტემებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობა ომის დაწყების დღიდანაა კიევისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. თუმცა დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. მით უმეტეს, რომ 6 თვიანი ლოდინი დასრულებულია და აშშ-ის კონგრესმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის საბოლოოდ დაამტკიცა. ბაიდენის ხელმოწერით ეს დოკუმენტი უკრაინისთვის იმის ნიშანია, რომ პარტნიორების იმედი შეუძლია ჰქონდეს.

ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს, პოლონეთს, რუმინეთს, შვედეთს, ესპანეთსა და საბერძნეთს აქვთ. მათ გაგზავნაზე ნაწილი ჯერ კიდევ ყოყმანობს, ნაწილმა კი პოზიცია უკვე დააფიქსირა. მაგალითად ათენმა ახსნა, რომ თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ამ სისტემებს ახლო მეგობარზეც კი ვერ გასცემს. ესპანეთი "პეტრიოტის" რაკეტების გაგზავნაზე თანახმაა, თუმცა არა თავად გამშვებ დანადგარებზე. უკრაინის მოთხოვნა ამ ნაწილში ჯერ მხოლოდ გერმანიამ დააკმაყოფილა, ბერლინი სხვებსაც იგივეს მოუწოდებს.

უკრაინაში შეიარაღების ჩასვლას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება, თუმცა მას უკრაინისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის მოტანა შეუძლია. დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის 794-ე დღეა. მოსკოვი ბოლო თვეა მასიურად უტევს უკრაინის ენერგოსისტემებს. მათი უცვლელი სამიზნეა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, ამის ბოლო მაგალითი ხარკოვია, აქ რუსეთმა ბოლო დარტყმით ღრმა კვალი დატოვა.

დღის ამბები