25 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე - ერთმანეთს "ოცნების" და ენმ-ის წევრები დაუპირისპირდნენ

ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე - ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომათა დარბაზში მიიტანეს პლაკატები, წარწერით: "არა რუსულ კანონს".

ფაქტს "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან კამათი მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.

"სამწუხაროდ, დღეს, საკრებულოს უმრავლესობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმყოფებიან და ნახეთ კადრებში, როგორ დაესხნენ თავს ერთიანად ჩვენს კოლეგებს. ეს არის რუსული ხელწერა, რადგან დემოკრატიულ, განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებში პოლიტიკაში აგრესია არ არსებობს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ.

როგორც "ქართული ოცნების" წევრი გიორგი გოგიტიძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მოსულები, რადგან თავიანთი ლიდერებისგან ჰქონდათ ეს დავალება მიღებული.

"ჩვენი და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის, ჩვენი ქართველი ხალხის ღირსება და მომავალი. ვინც ამ ღირსებას შეეხება, ყველას ექნება ადეკვატური პასუხი. ჩვენ, ოპოზიციას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ სხდომები დაამსგავსოს ქუჩის აქციას. ჩვენ ვართ მოსახლეობის წარმომადგენლები, ჩვენ განვიხილავთ იქ საკითხებს მოსახლეობის საკეთილდღეოდ და ისინი, დღეს, წარმოდგენილი იყვნენ პროვოკაციულად, რადგან ლიდერებისგან ჰქონდათ დავალებული", - განაცხადა გიორგი გოგიტიძემ.

დღის ამბები