25 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო ატლანტიკურ ინტეგრაციას" - ევროპარლამენტის რეზოლუციის წინასწარი ტექსტი ცნობილია

“უცხოური აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა წარდგენისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობა” - ასე დაასათაურა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული ერთობლივი რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც კენჭი ხვალ უნდა უყარონ.

დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს სადავო კანონპროექტს, რადგან ის აწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ამასთან წერია, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს. ჩანაწერის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, მანამ სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. ამიტომაც მოუწოდებს სტრასბურგი თბილისს უკან გაიტანოს კანონი.

დებატებს, დარბაზში, ქართული ოპოზიციიდან, პარტია "ახალის" ლიდერიც ისმენდა. ნიკა გვარამია სტრასბურგში პირადად პეტრას აუსტრევიჩუსის მიწვევით იმყოფებოდა და დებატებამდე ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს.

ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებში მონაწილეობდა ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის, მემარცხენეების გაერთიანებაც. აქტიურობდნენ ირლანდიელი კანონმდებლები, რომლებსაც უმრავლესობისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.

ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დებატები და კენჭისყრა ხვალ, დღის მეორე ნახევარში შედგება. ცნობილი გახდება შესწორებების შინაარსიც. ამ დროისთვის, საჯარო ტექსტში ხაზგასმულია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და არაპროპორციული ძალის გამოყენების მიუღებლობა კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე. ისმის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც ამგვარ დარღვევაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, დოკუმენტი მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში, რათა ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

ევროპარლამენტის დოკუმენტში უცვლელად ისმის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.

დღის ამბები