25 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა - ევროპელი დიპლომატები კიევისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ

უნგრეთის პრემიერმა ბრიუსელი ომის მხარდაჭერაში ღიად დაადანაშაულა. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპელი ლიდერები ომში არიან ჩაფლულნი, უკრაინაში ჯარების გაგზავნას კი ერთი ნაბიჯი აშორებს. უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ დასავლელი ლიდერები უკრაინის ომს საკუთარ ომად აღიქვამენ, უნგრეთს კი არც ომი სურს და არც - დიდი სახელმწიფოების სათამაშოდ გადაქცევა.

უკრაინაში ომი და კიევის სამხედრო დახმარების საკითხები დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში განიხილეს. უნგრეთის პრემიერისგან განსხვავებით, ევროპელი დიპლომატები კიევის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ. ბრიუსელში ამბობენ, რომ მოსკოვი მტკივნეული ნაბიჯებისთვის ემზადება, რის გამოც დასავლეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს.

უკრაინის მეზობელი პოლონეთი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზეც კი თანახმაა, თუ ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ანჯეი დუდამ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა რუსეთი ბელარუსსა და კალინინგრადში შეიარაღებას აძლიერებს.

უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმების გამო და მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამერიკელი კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ, პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი, შესაძლოა, უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს.

დასავლეთის უკრაინისადმი დახმარების საკითხი უკვე განსაჯეს რუსეთის საგარეო უწყებაშიც. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს.

შეერთებული შტატების ახალ დახმარებას უკრაინის პრეზიდენტმა გამარჯვების შანსი უწოდა და ამერიკელ კანონმდებლებს მადლობა გადაუხადა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, შტატების დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, მაგრამ ეს შეტევისთვის საკმარისი არ არის. იმავეს ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელიც. კირილ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ მაისის შუა რიცხვებსა და ივნისის დასაწყისში უკრაინაში მძიმე ვითარება იქნება.

დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი, სულ უფრო მწვავე დაპირისპირებები ხდება საბრძოლო ველზე. რუსმა ოკუპანტებმა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის დასახლებები დაბომბეს. ხარკოვში, სუმსა და დონეცკიში დაშავდნენ ადგილობრივები და დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები