25 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - ყოფილი ელჩი "ოცნებას" ამჯერად ბოლონიიდან აკრიტიკებს

დეზინფორმაცია და ცილისწამება უწოდა სახელისუფლებო გუნდმა საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის, პოზიციას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ. დეგნანმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში ჩატარებულ დისკუსიაზე თქვა, რომ საქართველოში კანონის ხელახლა ინიციირების მიზანი, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არდაშვებაა. გარდა ამისა, საკუთარი ვარაუდი გამოთქვა კონსტიტუციის 78-ე მუხლზეც, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს განსაზღვრავს.

მმართველი პარტიისთვის ყოფილი ელჩის ეს მოსაზრებები, დეზინფორმაციასთან ერთად, საზოგადოებაზე მანიპულირების მცდელობის ნათელი მაგალითია.

კელი დეგნანის განცხადებებს სრულად იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები და მმართველ პარტიას კვლავ ურჩევენ კანონპროექტი უკან გაიწვიოს. ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ყოფილი ელჩის განცხადება დღესაც, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციაა.

ოპოზიციის მეორე ნაწილისთვისაც რისკები, რომლებზეც კელი დეგნანი საუბრობს, რეალურია, თუმცა, ისინი კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით ყოფილი ელჩისგან მეტ დეტალსა და ინფორმაციას ელიან.

კელი დეგნანის განცხადება სახელისუფლებო გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მმართველმა პარტიამ დღეს ის განცხადებებიც გაიხსენა, რომელსაც დეგნანი საქართველოში ელჩობის პერიოდში აკეთებდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, მაშინაც და ახლაც, მიზანი ერთია - ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა.

კელი დეგნანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიციას საქართველოში 2020-23 წლებში იკავებდა. ის ახლა შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

დღის ამბები