25 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ოპოზიცია და აქციების ორგანიზატორები "გამჭვირვალობის" კანონის მეორე მოსმენისთვის ემზადებიან - დღეს პროტესტის შეფასებების დღეა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდების ადრესატები აქციის ორგანიზატორები არიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, ერთ-ერთ ლოკაციად მთავრობის ადმინისტრაცია შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა, რადგან ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ პარლამენტიდან პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი განრიდებული იყო და ისინი სწორედ კანცელარიასთან იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთ ასეთ ინციდენტში ალეკო ელისაშვილიც მონაწილეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიციის კორდონის გარღვევას და ამ გზით კანცელარიის შენობის შიდა ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. ელისაშვილი მალევე დააკავეს. როგორც თავად ამბობს, დაკავების დროს მას სამართალდამცველებმა სცემეს.

პოლიციის კორდონის გარღვევის აუცილებლობას ელისაშვილი საკუთარი არგუმენტებით ხსნის. არ თვლის, რომ მისი ქმედება ძალადობისკენ მოწოდება იყო.

ძალადობრივი მოწოდებები და ვითარების ესკალაცია - ეს მიზანი ამოიკითხა მმართველმა პარტიამ ელისაშვილის ქმედებებში.

ელისაშვილის დაპირისპირება ერთადერთი არ ყოფილა - მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი მოთხოვნა კანცელარიაში შესვლა იყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს და შინაგან საქმეთა მინისტრისგან რეაგირება მოითხოვეს. დაკავებული იყო "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძეც, რომელიც დღის ბოლოს სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, თუმცა მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში გაიმართება.

ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი აქციის ძალადობრივი გზით გაგრძელება არ ყოფილა. ნაწილს კი სხვა ეჭვი აქვს და აცხადებენ, რომ გეგმის არ არსებობის გამო ორგანიზატორები თავად ცდილობდნენ აქციის მუხტის შენელებას.

პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას საპარლამენტო უმრავლესობა გამორიცხავს და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს ყველა ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ. მათ შორის იმ პირთან მიმართებაში, ვინც აქციაზე ცივი იარაღით იმყოფებოდა. პოლიციამ რამდენიმე პირიც დააკავა. 

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით პარლამენტთან აქციები 3 დღის განმავლობაში იმართებოდა. პროტესტი ამ დროისთვის შეწყვეტილია, საკანონმდებლო ორგანოს წინ არსებული სცენა დღეს დილიდანვე დაშალეს.

დღის ამბები