25 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდაცველები არ იმყოფებიან - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, გადაადგილება ამ დროისთვის თავისუფალია. ადგილზე არ იმყოფებიან არც საპატრულო პოლიციისა და არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე თავისუფალია პარლამენტში შესასვლელი კარი.


ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს თავისუფალი აზრის მოგუდვის მცდელობაა.
"ეს არის მოგუდვა თავისუფალი აზრის, თავისუფალი მედიის, ზუსტად ისე, როგორც მოხდა რუსეთში, ამიტომ მოვუწოდებ ყველას - დღეს არის არა რომელიმე პარტიის თემა, აქ არის საქართველოს თემა, სად იქნება საქართველო ხვალ. ამ კანონით ჩვენი ქვეყანა იქნება ისეთ ადგილას, რასაც ჰქვია მოდერნიზებული რუსეთი და ამას ვერ დავუშვებ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს აღნიშნულ კანონს, რათა მმართველმა გუნდმა მისი გატანა ვერ შეძლოს.

"არც ჩემი გეგმით მოვსულვარ და არც სხვისი გეგმა არ ვიცი. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ამ კანონს, ეს რუსული კანონი არ უნდა გავიდეს. ეს არის გეგმა, უფრო სწორად, ყიჟინაც, სურვილიც, ჯინიც, აუცილებლობაც და ვალდებულებაც",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მოქალაქეებთან ერთად დგას რუსთველის მოედანზე, რათა საქართველოს ევროპული მომავალი დაიცვას.

"მე აქ ვარ ერთი რიგითი ქართველი, რომელიც თავის თავისუფლებას იცავს, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უფრთხილდება, მოქალაქეებთან ერთად. დღეს, გუშინ, გუშინწინ , ამ ხალხთან ერთად ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ ამ ქვეყნის თავისუფლებას",- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები