პარლამენტთან აქცია დილიდან დაიგეგმა. პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა შეკრება იურიდიული კომიტეტის სხდომის პარალელურად დაიწყეს. შენობასთან გაშალეს ევროკავშირის დროშები. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.
აქციის მონაწილეებმა მალევე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო სიმბოლურად წრე შეკრა, ნაწილმა კი საავტომობილო გზაზე გადასვლა სცადა, რის საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციას მოგვიანებით სტუდენტების გარკვეული ნაწილი შეუერთდა. ახალგაზრდებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს.
აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტის შენობიდანაც ამხნევებდნენ. თუმცა სოლიდარობას მათ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედაც არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უცხადებდა.
უსაფრთხოების ყვითელი დონე იყო გამოცხადებული პარლამენტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდათ. დღის ბოლოს ზუბალაშვილების ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
"გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციები იყო ქუთაისში, თელავსა და ბათუმშიც. რეგიონებში არასამთავრობო სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.