"ჭეშმარიტი დაპირება" – ასე უწოდა ირანმა ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმას. ირანი დაწყებულის გაგრძელებას აღარ აპირებს, თუმცა, საპირისპირო გეგმა აქვს ისრაელს, სადაც აცხადებენ, რომ ოპერაცია ჯერ დასრულებული არ არის.
"ირანი 7 ოქტომბრიდან "ჰამასის" მეშვეობით აკონტროლებს სიტუაციას. ახლა მათ გადაწყვიტეს, მოიხსნან ნიღაბი და პირდაპირ ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედონ. წუხელ ირანმა დაიწყო მძიმე და უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის გასროლით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 180 თვითმკვლელი დრონი, 120 ბალისტიკური რაკეტა, 30 საკრუიზო რაკეტა - ყველა გაგზავნილი იყო თეირანის გენოციდი ტირანების მიერ ისრაელელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობის აშკარა განზრახვით. საბედნიეროდ, რაკეტების 99%-ის ჩამოგდება მოხერხდა. მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ისრაელის სახელმწიფო მზადაა ყველა სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი.
ირანი განაგრძობს მსოფლიოს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონში თავისი მარიონეტების გამოყენებით ისრაელისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. არ შეცდეთ, ჩვენი ძალების სწრაფი მოქმედებისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის გარეშე, ისრაელს შეეძლო სრულიად განსხვავებულ რეალობაში გაეღვიძა.
ჩვენ მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს და ჩვენს პარტნიორებს ამ რთულ დროს ჩვენთან დგომისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ დავიცავთ თავს ყოველგვარი საფრთხისგან და ამას გავაკეთებთ გაწონასწორებულად და მტკიცედ," - აცხადებს ისრაელის მთავრობის სპიკერი გაეროში ავი ჰიმანი.
თეირანის ადრესატია ამერიკის შეერთებული შტატებიც და ყველა ის ქვეყანა, რომელიც თელ-ავივს დაეხმარება.
როგორ პასუხობენ მუქარას ადრესატები - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გმობს ირანის პირდაპირ თავდასხმას ისრაელის ტერიტორიაზე და სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს.
"გლობალური დაგმობა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ასევე რეგიონის მხრიდან ძალიან ნათლად აჩვენებს ორ რამეს: ირანი იზოლირებულია თავისი აგრესიული ქცევით, რომლითაც მას მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია სურს.
ისრაელის შესაძლებლობებმა აჩვენა, რომ ისრაელი ძლიერია და შეუძლია თავი დაიცვას. ირანის რეჟიმმა შეგნებულად მიიყვანა მთელი ახლო აღმოსავლეთი უფსკრულის პირას. გასულ ღამეს ირანის რეჟიმმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა და თვითმფრინავი გაისროლა.
ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ირანის პირდაპირ თავდასხმას ისრაელის ტერიტორიაზე. გერმანია სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს. ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, თავი შეიკავოს შემდგომი თავდასხმებისგან, მათ შორის მარიონეტების მეშვეობით. რეგიონულ კონფლიქტს გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
მილიონობით ქალი, მამაკაცი და ბავშვი ისრაელში, ირანში და მთელ რეგიონში შეშინებულები იყვნენ. მათ არ უნდათ ეს ესკალაცია. მოვუწოდებ რეგიონის ყველა მხარეს, იმოქმედონ წინდახედულად. ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ ძალადობის დასასრული. მე ახლა ვხელმძღვანელობდი ფედერალური მთავრობის კრიზისული განყოფილების სხდომას. ჩვენ ძალიან მჭიდროთ ვადევნებთ თვალს არსებულ ვითარებას რეგიონში და მჭიდრო კოორდინირებულ კავშირში ვართ ჩვენს პარტიორებთან. რა თქმა უნდა, ეს ასევე მოიცავს კითხვას, თუ რა შედეგები მოჰყვება ახლა ირანის თავდასხმას," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს ისრაელისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.
"წუხელ ირანმა ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და თავდასხმის დრონები გაუშვა. ეს იყო სახიფათო და არასაჭირო ესკალაცია რომელსაც მკაცრად ვგმობ. კოორდინირებული საერთაშორისო ძალისხმევის წყალობით, რომელშიც დიდი ბრიტანეთი იყო ჩართული, თითქმის ყველა ეს რაკეტა იქნა შეჩერებული, რამაც სიცოცხლე გადაარჩინა არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა იორდანია.
სამეფო საჰაერო ძალებმა (RAAF) განათავსეს დამატებითი თვითმფრინავები რეგიონში, როგორც ჩვენი არსებული ოპერაციების ნაწილი ერაყსა და სირიაში დაეშის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად. მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო რამდენიმე ირანული დრონი და მსურს პატივი გადავუხადო ჩვენი მფრინავების გამბედაობასა და პროფესიონალიზმს, რომლებიც საფრთხის წინაშე წავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
როგორც გუშინ ვთქვი, ცხადია, რომ ირანმა გადაწყვიტა დათესოს უკმაყოფილება და მოახდინოს რეგიონის, დესტაბილიზაცია. ეს ძალიან ნათლად ჩანს მისი ქმედებებიდან. თუ ეს შეტევა წარმატებული იქნებოდა, რეგიონული სტაბილურობის შედეგების გადაჭარბება რთული იქნებოდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე.
ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მოუთმენლად ველი G7-ის ლიდერებთან საუბარს დღეს შუადღისას," - აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.