25 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილი აღარ წარმოადგენს საქართველოს ერთიანი ინტერესების დამცველს, იგი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელია - ირაკლი ქადაგიშვილი

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გრიგორიადისის შეწყალებას დანაშაულის წახალისებას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დანაშაულია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დიდი ხანია, საქართველოს პრეზიდენტი აღარ წარმოადგენს ქვეყნის ერთიანი ინტერესების დამცველს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი.

"თავისთავად, ის, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა, ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხანია უკვე ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს საქართველოს ერთიანი ინტერესების დამცველს. იგი არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი და ამით კიდევ ერთხელ უთხრა მან ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის არის მოწადინებული, რომ რამდენჯერაც ისვრით საქართველოს სახელმწიფოს, ქართული პოლიციისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილს, ნუ გეშინიათ, სამართალს როდესაც დააყენებს ქართული სასამართლო, მე, როგორც პროექტის ადამიანი და არა საქართველოს პრეზიდენტი, ყოველთვის შევიწყალებ კოქტეილის ადამიანებზე, პოლიციელებზე და ქართულ სახელმწიფოზე მსროლელს. ჩვენ მოგვიწევს, მომავალი 6 თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ქმედება ანტისახელმწიფოებრივია.

"სასამართლომ დაადასტურა, რომ დანაშაული არის ჩადენილი და აღნიშნული მსჯავრდებული პირი ცდილობდა სამართალდამცავების არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ ცოცხლად დაწვას. ვინც ესე უპასუხისმგებლოდ და ანტისახელმწიფოებრივად იქცევა და ვინც კრიმინალის რომანტიზებას ცდილობს, ძალიან ცუდად დაამთავრებს საკუთარ პოლიტიკური კარიერას," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები