25 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"მესამე ქვეყნის ინტერესთა გამჭვირვალობის" დოკუმენტი უკვე ევროპარლამენტშია - მასზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველად იმსჯელეს

"მესამე ქვეყნის ინტერესთა გამჭვირვალობის" დოკუმენტი უკვე ევროპარლამენტშია. მასზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველად იმსჯელეს. შეთავაზება, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტს გაუგზავნა, კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს მესამე ქვეყნების სახელით მოქმედ სუბიექტებს, რომლებიც პოლიტიკურ აქტივობაში არიან ჩართული.

პირველ ეტაპი ამ სუბიექტების გამჭვირვალე რეგისტრაციაა. მათ ასევე ევალებათ საკუთარ სახსრებსა და მონაცემებზე ღია წვდომის უზრუნველყოფა და ანგარიშების წარმოებაც, მათ შორის - გაწეული საქმიანობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში. ამ ინიციატივისთვის ზუსტი სამიზნეების განსაზღვრა და სწორი ლექსიკონის შერჩევა ევროპარლამენტში ჯერ ისევ დისკუსიაა, რომლის დასრულებაც, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

"გამჭვირვალობის ჰარმონიზების" ინიციატივაზე მუშაობა ევროსტრუქტურებში მას შემდეგ დაიწყეს, რაც მკაფიო გახდა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნების არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ამას მოგვიანებით "კატარგეიტის" სკანდალიც დაემატა, რომლითაც საგამოძიებო უწყებებმა ევროსტრუქტურების მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილეს. ამოცანა ნათელი გახდა და ტექსტშიც გაიწერა.

მესამე ქვეყნების აქტივობების გამჭვირვალობის შეთავაზება ორ რეკომენდაციას ითვალისწინებს. ერთი - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, მეორე კი პოლიტიკის კეთებაში სამოქალაქო საზოგადოებების მონაწილეობას. საფრთხეებზე ევროპაში მოქმედი NGO-სექტორი ინიციატივის გაჟღერებისთანავე ალაპარაკდა, ევროპარლამენტარები კი განმარტავენ, რომ რეალური მიზანი დემოკრატიის დაცვაა და არა ვინმეს შევიწროება.

ჰარმონიზებისა და გამჭვირვალობის შეთავაზება არ შეეხება დიპლომატიურ ან იურიდიულ წარმომადგენლობებს. ის ვიწროდ ლობისტურ კომპანიებს, ანალიტიკურ ორგანიზაციებსა თუ კვლევით ინსტიტუციებს გულისხმობს. ეხება მედიასაც. 

ამ დროისთვის, მესამე ქვეყნების ინტერესების გამტართათვის რეგულაციები ევროკავშირის 15 ქვეყანაშია გათვალისწინებული. მიდგომები განსხვავებულია: ლატვიაში ის ლობიზმის რეესტრის შექმნის რეკომენდაციაში გამოიხატა; ბელგიაში ამას გამჭვირვალობის რეესტრი ჰქვია; კვიპროსში რეგულაცია ლობისტური საქმიანობის განმარტებას განსაზღვრავს; დანიასა და სლოვაკეთში კი კონკრეტული რეკომენდაციები ლობირების წესებზე გაიცა; რუმინეთში მოთხოვნები პარლამენტის რომლებისთვისაც არის გათვალისწინებული, თუმცა, ამასთან, ევროკავშირის 12 ქვეყანას ინტერესთა მარეგულირებელი მექანიზმი ამ დრომდე არ აქვს. სწორედ ამის აღმოფხვრას ცდილობს ევროკავშირი ამ ახალი შეთავაზებით.

დღის ამბები