25 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის დაბრუნების მეორე დღე - დავა და პოლიტიკური დაპირისპირებები გრძელდება

მმართველი პარტია, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, საზოგადოების მოტყუების მცდელობაში ადანაშაულებს. საუბარია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის რუსულად მოხსენიების სურვილზე. უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპონენტებს საგნობრივ დისკუსიაში შესვლა არ სურთ და სპეკულაციურად საპროტესტო მუხტის გაღვივებას აპირებენ. უმრავლესობის ლიდერმა, დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ისიც, რომ კანონი დეკლარაციის შევსების ვალდებულებას მხოლოდ იმ ორგანიზაციებს გაუჩენს, ვისი შემოსავლის 20 პროცენტზე მეტიც უცხო ქვეყნებიდან მოდის. სახელისუფლებო პარტია კანონპროექტის დასავლურ ანალოგებზე აკეთებს აქცენტს.

"გამჭვირვალობის შესახებ კანონის" რომელი პუნქტია რუსული - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ოპოზიციას გაუჭირდა. ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ოპოზიცია და მესამე სექტორი მეორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვერ შეძლებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, გასულ წელს მღელვარება, პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა და მოქალაქეებისთვის საკითხის არასწორად მიწოდებამ გამოიწვია. დეპუტატები ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულებას ევროპული სტანდარტის დამკვიდრებად მიიჩნევენ.

კოლეგებისგან განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში არ უარყოფენ, რომ კანონი ამერიკული ვერსიის ანალოგიურია და ყველაფრისთვის რუსული იარლიყის მიწებება ოპოზიციისთვის წამგებიანი იქნება.

არასამთავრობო სექტორისთვის ფინანსების დეკლარირების ვალდებულებაში პრობლემას ვერ ხედავს აღმასრულებელი ხელისუფლება. მინისტრების თქმით, უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობა, გარკვეულწილად სახელმწიფოს უსაფრთხოების გამოწვევებსაც დააზღვევს. ხელისუფლებისთვის გაუგებარი, რატომ შეიძლება კანონი იქცეს პრობლემად თუ მიღებული თანხების მიზნობრიობა ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობა მის კანონად ქცევას საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს.

დღის ამბები