25 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ჩვენი გუნდისგან საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირში აქტიურად განიხილება ასეთი კანონმდებლობის მიღება - ლევან დავითაშვილი

ჩვენმა გუნდმა ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამომწურავი იყო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას ამ თემის შესახებ მიეწოდა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს, პასუხგაცემულია.

"რამდენიმე საკითხია. კონკრეტულად ამაში რაღაც განსაკუთრებული სირთულე ან კონსპირაციის ელემენტის დანახვა ძალიან რთულია. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ბევრმა წარმატებულმა დასავლურმა დემოკრატიამ მიიღო და ასევე იცით, რომ აქტიურად განიხილება ევროკავშირში ასეთი კანონმდებლობის მიღება.

როდესაც ევროკავშირი საუბრობს, მიიღოს ასეთი კანონმდებლობა, აქ საუბარია, რომ ეს ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა გამჭვირვალე იყოს დაფინანსების წყაროები ყველა ორგანიზაციისთვის. აქაც მხოლოდ ერთ რამეზეა საუბარი, რომ მოხდეს ძალიან მკაფიო ანგარიშგება დაფინანსებასთან დაკავშირებით. სხვა არაფერზეა საუბარი. სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ეს კანონი არ ითვალისწინებს.

იცით, რომ ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციაზე თითოეული მოქალაქე, ბიზნესი არის ანგარიშვალდებული. ეს არის სხვადასხვა პრინციპით განსაზღვრული და არის სექტორი, რომელსაც ანგარიშვალდებულება ამ ეტაპამდე არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება იმისა, რომ ამ მიმართულებითაც დაფინანსების წყაროებზე არსებობდეს მკაფიო ინფორმაცია და მოხდეს ანგარიშგება. მხოლოდ ამაზეა საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხითაც, რადგან ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოქმედებს კონკრეტული ინტერესების შესაბამისად. შეიძლება, ბევრი ეკონომიკური პროექტის საზიანოდ იყოს მიმართული. ამიტომ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ გამჭვირვალობაზე. რომ გამჭვირვალედ არსებობდეს ინფორმაცია დაფინანსების წარმომავლობაზე და ამან შეიძლება, ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, იცოდეს გამჭვირვალედ დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება, დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან,"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები