25 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
სადავო გრანტი - რა მიზანს უკავშირებენ სახელისუფლებო პარტიაში გრანტს, რომელიც "მთავარმა არხმა" უკვე მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირწმუნება, რომ უცხოური გრანტებისა და ფინანსური დახმარების მიღმა, კონკრეტული ინტერესები დგას. სასამართლო სისტემის დისკრედიტაციასთან ერთად, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიდი რაოდენობის თანხა ლგბტ საკითხების ე.წ. პროპაგანდასაც უნდა მოხმარდეს. სწორედ ამ მიზანს უკავშირებენ სახელისუფლებო პარტიაში გრანტს, რომელიც "მთავარმა არხმა" უკვე მიიღო. მმართველი პარტიისთვის ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადება სარწმუნო არ არის და არხის მენეჯმენტს ფინანსების მიზნობრიობის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდეს "მთავარი არხის" მენეჯმენტში მიღებულ გრანტთან დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს. ტელეკომპანიამ წერილობითი განმარტება დღეს გაავრცელა, სადაც წერია, რომ ფინანსური რესურსი არა სასამართლოს დისკრედიტაციის ან ლგბტ საკითხების ე.წ პროპაგანდისთვის, არამედ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის მიიღეს.

"მთავარი არხის" განცხადებამდე, გრანტის მიღება ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე დაადასტურა. ნიკა გვარამიამ მაშინ განმარტა, რომ ფულადი რესურსი არხმა მიზნობრიობის გარეშე მიიღო. მისი ეს განცხადება ოპოზიციის ნაწილისთვის სარწმუნო, ნაწილისთვის კი გაუგებარი აღმოჩნდა.

ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის ქმედებები მმართველი გუნდისთვის საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებული სტანდარტების უხეში დარღვევაა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუღებელია, როდესაც, საეჭვო მეთოდით, რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების დაფინანსება ხდება. მათი სამიზნე კი სასამართლო სისტემა ან ოჯახური ღირებულებებია.

სახელისუფლებო პარტიაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორებისგან თანხების გაცემის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და თქვეს, რომ, წინასაარჩევნოდ, ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან საარჩევნო პერიოდი უცხო გავლენებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს.

დღის ამბები