25 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
წამლავდნენ თუ არა საქართველოში რუსი აგენტები ამერიკელ დიპლომატებს - ჟურნალისტური გამოძიება ოპოზიციისთვის საარჩევნო სკანდალის ახალი საბაბი გახდა

წამლავდნენ თუ არა საქართველოში რუსი აგენტები ამერიკელ დიპლომატებს - იმას, რასაც ოფიციალურად ვერ ადასტურებს ვერც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და ვერც ცენტრალური სადაზვერვო სამსახური, ქართულმა ოპოზიციამ მორიგი ბრალდებებისთვის გამოიყენა და ქართული სპეცსამსახურები რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გუშინ, პირველ აპრილს გამოქვეყნდა, ოპოზიციისთვის საარჩევნო სკანდალის ახალი საბაბი გახდა.

ვაშინგტონი არ ადასტურებს, თუმცა ქართული ოპოზიცია უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხს მაინც ოფიციალურ თბილისსა და შესაბამის უწყებებს სთხოვს. ეს კი, უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, სხვა არაფერია, თუ არა მორიგი კამპანია საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპონენტები ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ და ამჯერად, ამისთვის დასავლელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალას იყენებენ.

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია ჟურნალისტურ გამოძიებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათ ნაწილს უაპელაციოდ სჯერა, რომ 2021 წელს საქართველოში რუსეთის დაზვერვამ ამერიკელი დიპლომატის მეუღლე ნამდვილად მოწამლა. თუმცა ამის მტკიცებულება არც გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაშია და არც ოფიციალური წყაროები ადასტურებენ. ფაქტი უარყო თეთრმა სახლმაც. "კურიერის" ინფორმაციით კი, ვინმე ავერიანოვს იმ პერიოდში საქართველოს საზღვარი საერთოდ არ გადმოუკვეთავს.

"გირჩში" ამბობენ, რომ მათი ოპოზიციონერი კოლეგები გადაუმოწმებელ ინფორმაციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მათთვის ბრალდება საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ე.წ. ჰავანის სინდრომით მოწამვლის შესახებ არასერიოზულია. ეს იმ ფონზე, როდესაც თავად ამერიკის დაზვერვის ეროვნული საბჭოს ანგარიში არაოფიციალური დაავადების არსებობასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საუბარია ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტების შეფასების დოკუმენტზე, რომელშიც, დაზვერვის სააგენტოების გამოკითხვაზე დაყრდნობით, წერია, რომ სიმპტომები, რომელიც კონკრეტულ დიპლომატებს აღენიშნებოდათ, სავარაუდოდ, სხვა ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამერიკის დაზვერვის ანგარიში ე.წ. ჰავანის სინდრომის შემთხვევებთან უცხო ქვეყნების ჩარევასაც გამორიცხავს.

თაკო ჩარკვიანი, გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, პარალელს ისევ მიხეილ სააკაშვილთან ავლებს. უფრო მეტიც - ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალთან სწორედ აკუსტიკური იარაღით მოწამლეს. ძველი ბრალდება ახალი მიზეზით და ისევ - მტკიცებულებების გარეშე - მმართველი გუნდის შეფასებით, ეს ოპოზიციის ჩვეული ხელწერაა.

გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს საქართველოში ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. არსებული ინფორმაციით, საელჩოს არც საქართველოს სამართალდამცველი უწყებებისთვის მიუმართავს წერილობით.

დღის ამბები