აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აუცილებელია, უკრაინას მიეწოდოს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად სჭირდება, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომის "კრიტიკულ მომენტში" იმყოფება.
"კრიტიკული მომენტი გვაქვს - უკიდურესად აუცილებელია, უკრაინელებმა მიიღონ ის, რაც თავდაცვისთვის სჭირდებათ, განსაკუთრებით - სამხედრო აღჭურვილობა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ახლო მომავალში საფრანგეთი უკრაინას "ცეზარის" 78 ჰაუბიცას გადასცემს და საარტილერიო ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის. სებასტიან ლეკორნუს თქმით, საფრანგეთს, უკრაინასა და დანიას შორის უკვე შედგა შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის დაფინანსებას ითვალისწინებს.