25 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე არავის უნახავს მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების რელევანტურობას დაადასტურებდა. მდინარაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოსამართლეების სანქცირება ახალისებს "ნაციონალური მოძრაობის" და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სასამართლოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას.

"ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს. აგრეთვე, მიგვაჩნია და ხელის გულზე დევს ფაქტები, რომელთა მიხედვითაც ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა სანქცირებული - არ აქვს მნიშვნელობა, ამ სანქციებს რა ფორმა ექნება - ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები და "ნაცმოძრაობა" და მისი სხვადასხვა მიმართულების განშტოებები მიმართავენ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები