ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბრძოლა კონტინენტის პირველობისთვის გრძელდება. ქართველი ფეხბურთელების შანსებსა და როლზე უკვე მსოფლიო ავტორიტეტული მედია და "უეფა" წერს. ყველა თანხმდება, რომ 30-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ქართულ ფეხბურთში დიდი გარდატეხა მოხდა.
ქართველთა წარმატება განსჯისა და განხილვის საგანი გახდა ყველა ავტორიტეტული სპორტული და არასპორტული მედია საშუალებისთვის. მათ შორის - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსთვის, სადაც "უეფამ" განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ბოლო წლებში ქართულ საფეხბურთო სამყაროში განვითარებულ პროექტებსა და ცვლილებზე, რომლებმაც მთავარი როლი ითამაშა ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებაში.
18 ივნისი იქნება დღე, როცა დორტმუდში, "იდუნა ლუნა პარკზე", თურქებს დაუპირისპირდებიან. ბორუსიას 80 000-იან საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდი შეხვდება ნაკრებს, რომელთან თამაშიც ნებისმიერი გუნდისთვის სირთულეს წარმოადგენს. მით უფრო იმ ფონზე, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში, იმაზე მეტი თურქი ცხოვრობს, ვიდრე მთლიანად საქართველოს მოსახლეობაა.
22 ივნისს ქართველები ჰამბურგის სტადიონზე გავლენ და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო ფიზიკურად კარგად მომზადებული და ტანმაღალი ფეხბურთელებით - ძლიერი ინდივიდუალისტებით და ბრძოლისუნარიანობით. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას სანიოლის გაწვრთნილი გუნდი გელზენკირხენში, პორტუგალიასთან გამართავს.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი