25 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ნიდერლანდებში, საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი ქალაქი ედეა - მძევლების აყვანისა და აფეთქების მუქარის გამო, ღამის კლუბში შეიარაღებული თავდამსხმელი დააკავეს

ნიდერლანდების ქალაქ ედეში, გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ შეიჭრა, როდესაც კლუბის თანამშრომლები ტერიტორიას ასუფთავებდნენ. ადგილობრივი პოლიცია ჰყვება, რომ მამაკაცს რამდენიმე დანა და ზურგჩანთაში ასაფეთქებლები ჰქონდა. მამაკაცმა 4 ადამიანი მძევლად აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა.

პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. მიმდებარე 150 სახლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც. მომენტალურად დაიწყო მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები. უცნობია, რა მოთხოვნები ჰქონდა მამაკაცს, ან რა იყო მისი მოტივი. როგორც ნიდერლანდების პოლიცია აღნიშნავს, დანაშაულის ტერორიზმთან კავშირზე ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს.

კაფე, სადაც დანაშაული მოხდა, ქალაქ ედეს ცენტრში მდებარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით შეიარაღებული და მაქსიმალურად აღჭურვილი პოლიცია გაიგზავნა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა.

შეიარაღებული მამაკაცი დაკავებულია. ადგილობრივმა მედიამ დაკავების კადრები გაავრცელა. ინციდენტის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერმაც ისაუბრა და ტერორიზმი გამორიცხა.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, ედეს ცენტრში მაღაზიები და დაწესებულებები ისევ დახურული რჩება. დანაშაულის ადგილას კვლავ მუშაობს პოლიცია და სამაშველო სამსახური. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები