რუსეთი უკრაინაში ძველ სამიზნეებს მიუბრუნდა. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. საჰაერო დარტყმები მოსკოვმა 7 ენერგოსადგურზე მიიტანა. შუქის არქონამ ჯაჭვურად იმოქმედა წყლის მიწოდებასა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე.
ე.წ. "კინჟალის” ტიპის რაკეტებით, რუსეთი მხოლოდ ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ივანო-ფრანკოვის ენერგოსისტემებს არ დასხმია თავს - საცხოვრებელ კორპუსებსაც უტევდა. საჰაერო დარტყმებმა ოდესაში 5 ადამიანი დააზიანა, მათ შორის - მოზარდები. მსხვერპლი მოჰყვა მაღალსართულიან შენობაზე დრონით დარტყმას ბელგოროდში. ზელენსკი, ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად, "ატაკამსის" რაკეტებს ითხოვს და პარტნიორებს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდებს.
ვაშინგტონის დახმარების გარეშე, ზელენსკის უკან დახევა მოუწევს, დახმარებით კი, შანსი აქვს, 2022 წლამდე კიევის კონტროლქვეშ არსებული მიწები დაიბრუნოს, - ეს თავადვე თქვა და ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის ბედი კონგრესის პოლიტიკური თამაშების საკითხად ვეღარ დარჩება და მოქმედების დროა. ამ გზავნილებს მხარდაჭერა აქვს თავად თეთრ სახლშიც, რომელიც, უკრაინის დასაცავად, კაპიტოლიუმს 60 მილიარდის ოდენობის დახმარების საბოლოო დამტკიცებისკენ მოუწოდებს.
ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესის კონსოლიდირებას ცდილობს, ევროპელი ლიდერები ცდილობენ, ყველა დასაშვები სცენარისთვის იყვნენ მზად. პოლონეთის პრემიერი ამბობს, რომ ომი წარსულის კონცეფცია აღარაა და ევროპა "ომის წინა ეპოქაშია". "თუ უკრაინა წააგებს, თავს დაცულად ვეღარავინ იგრძნობს" - აღნიშნავს ტუსკი და მას NATO-ც ეთანხმება. რუსეთსა და NATO-ს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე სიტყვა თავად პუტინმაც ჩამოაგდო, თუმცა, ამჯერად, განსხვავებული მოტივებით.
ვიდრე რუსულ დრონებს რუმინეთში და NATO-ს სხვა სახელმწიფოებში პოულობენ, უკრაინის მეზობლებს კი საზღვართან მასობრივი თავდასხმების საპასუხოდ სამხედრო ვერტმფრენების გამოყენება უწევთ - ევროპაში უარეს სცენარს ვერავინ გამორიცხავს. სწორედ ამიტომაა ახლა კონტინენტის ნომერ პირველი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა, რათა ომი უფრო ფართოდ არ გავრცელდეს.