25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
თაღლითობის ნახევარმილიონიანი სქემა - საქმე, რომელიც სასწრაფოსა და "ევექსის" კლინიკებს შორის დანაშაულებრივ შეთანხმებას ეხება, უკვე სასამართლოშია

ქრთამის აღებისთვის დაკავებული, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი თანამშრომელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დანაშაულს ორი აღიარებს, თუმცა დუმილი დღეს მხოლოდ ერთმა დაარღვია. მოსამართლეს გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ მოსთხოვა.

სუს-ის მიერ გახსნილ საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი პირი. ისინი "ევექსის" კლინიკების ქსელს წარმოადგენენ. მარიამ ხუნდაძეს სასწრაფო დახმარების ცენტრის კორუფციულ სკანდალში, გამოძიება ქრთამის მიცემისთვის ასამართლებს. ის "ევექსის" ჰოსპიტლების ქსელის ყოფილი მენეჯერია და, საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ის გასცემდა ქრთამს. კორუფციული გარიგების გამო, მას ბრალი წარდგენილი აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, არ დაუკავებიათ.

მარიამ ხუნდაძესთან ერთად, იმავე კვალიფიკაციით, ბრალი წარდგენილი აქვს "ევექსის" კიდევ ერთ თანამშრომელს, ნინო რეხვიაშვილს. როგორც ირკვევა, მხოლოდ მან კორუფციული სქემით, 149 000 ლარი მიიღო.

"ევექსის" ქსელის კლინიკები ახლა შპს "ვიანის" მფლობელობაშია. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ამ დიდ კორპორაციასთან ჰქონდა გარიგება გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ თანამშრომელს. მათგან ორმა დანაშაული აღიარა და მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა. სანაცვლოდ, პირობა დადეს, რომ არც მიიმალებიან და გამოძიებასთანაც ითანამშრომლებენ.

უკვე მეორე დღეა, სტრატეგიას არ ცვლის და დუმილის უფლებას იყენებს თამარ მანჩხაშვილი. ის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილეა. გამოძიება ამტკიცებს, რომ, პროგრამაში ხელოვნურად ჩარევით, პაციენტების განთავსება "ევექსის" კლინიკებში, თაღლითური სქემით ხდებოდა.

გამოძიების პერიოდი მოიცავს 2020-2023 წლებს. საქმის პროკურორი ვარაუდობს, რომ თაღლითური გარიგებით ზარალი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ეს გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა. მოპოვებული მტკიცებულებებით, რომელიც მხოლოდ საბანკო ჩარიცხვებითაა დადასტურებული, ქრთამის სახით, გაცემულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ სქემა გაცილებით ადრე ამოქმედდა და უკანონოდ მიღებული შემოსავალიც ბევრად დიდია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 8-თვიანი გამოძიების პირველი შედეგი 5 ბრალდებულია. მათგან 3 პატიმრობაშია. 2-ის პირველი წარდგენის სხდომა სასამართლოში უახლოეს დღეებში გაიმართება.

დღის ამბები