კორუფციის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატები მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 3 პირს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ თავად მუხლი და ბრალდება საკმაოდ მძიმეა, მძიმეა მისთვის გათვალისწინებული სასჯელიც. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"დაცვის მხარემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, როგორც მე, ასევე ჩემმა კოლეგებმა, იმასთან დაკავშირებით, რომ ის გარემოებები, რომლებიც დღეს თითქოს დასაბუთების მიზნით დაასახელა ბრალდების მხარემ, უკვე ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა და დღეს ნამდვილად არ იყო რელევანტური ამ გარემოებებზე დაფუძნებით დაპატიმრების მოთხოვნა. თუმცა, სასამართლომ გაიზიარა. თავად მუხლი და ბრალდება საკმაოდ მძიმეა, საკმაოდ მძიმეა მისთვის გათვალისწინებული სასჯელიც. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაპატიმრება ყოფილიყო გამოყენებული. გასაჩივრებას ვაპირებთ," - აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.
კიდევ ერთი ადვოკატი, დავით კუტალაძე ამბობს, რომ არ არსებობდა ის საფუძვლები, რომლებიც აუცილებელია პატიმრობის გამოსაყენებლად.
"აბსოლუტური თანამშრომლობის რეჟიმში იყვნენ ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არც მიმავლის, არც მტკიცებულებათა განადგურების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობდა," - აცხადებს ადვოკატი, დავით კუტალაძე.
პროკურორი, ალექსანდრე იაშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერებს - სამ პირს შეუფარდა პატიმრობა.
"როდესაც ავადმყოფი შედის სამედიცინო დაწესებულებაში, იხდის გარკვეულ თანხას. აღნიშნული თანხიდან გარკვეული პროცენტი, როგორც მენეჯერების მიერ გადამისამართებულის, ერიცხებოდათ ამ პირებს. ამიტომ, ჰქონდათ ინტერესი, რომ არა უახლოეს კლინიკაში მიეყვანათ ავადმყოფი, არამედ გადაემისამართებინათ "ვიანის" რომელიმე კუთვნილ კლინიკაში." - განაცხადა ალექსანდრე იაშვილი.