25 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო ყველა მომდევნო ჯერზე ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის პირნათელი თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, "ვეტინგის" თემა დახურულია, რადგან ის საქართველოს კონსტიტუციას და ქართულ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ სასამართლოს წინააღმდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ნეგატიური კამპანია იყო აგორებული, თუმცა მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

"12 რეკომენდაციაზეც ზუსტად ასე იყო - იყო კრიტიკული შენიშვნებიც, იყო პოზიტიური გამოხმაურებებიც. თუ საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ სუვერენიტეტს რაიმე დათქმა შეეწინააღმდეგება, ჩვენ ავუხსნით მათ და ამას მოვახერხებთ, მოკლედ, ეს არის და ამით "ვეტინგის" თემა დახურულია.

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კამპანიები, რომლებიც მიმართული იყო სასამართლოს წინააღმდეგ. შორს რომ არ წავიდეთ, "რუსთავი2-ის" სასამართლო პროცესზე 2- წლიანი ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა. 2 წლის განმავლობაში, სასამართლო ტყუილი ნარატივით აზიანეს. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ტყუილი ნარატივი ხომ აღმოჩნდა, როდესაც სტრასბურგმა საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო?! დადასტურდა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მათ შორის პრეზიდენტის მიერ შეწყალებაც, ამ ნარატივის ნაწილი იყო. ყველა ნეგატიური კამპანია დასრულდა არაქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით და სტრასბურგი ადასტურებს ყოველ მომდევნო ჯერზე, რომ ქართული სასამართლო არის პირნათელი ყველა ამ საქმისა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. ქართულმა სასამართლომ ეს დაადასტურა სტრასბურგით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არის კლანი, იქ ხდება უბედურება და სინამდვილეში, ფაქტები და ობიექტური გამოძიება, მათ შორის სტრასბურგიც ადასტურებს, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. გამოკითხვები ადასტურებს, რომ სასამართლო წინ არის რამდენიმე ათეული პუნქტით. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სასამართლო მიდის წინ, დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება და ახლა გინდა თუ არა, უნდა შეამოწმოს უცხოელმა ექსპერტმა, რომ შემდეგ ამ ექსპერტებთან ვიღაცებმა რაღაცები დაალაგონ თავისი პატრონების თუ მეგობრების მეშვეობით და მერე გაიგე კეთილსინდისიერებას ამოწმებენ თუ არაკეთილსინდისიერებას - არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები