ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, "ევრო 2024" მოთამაშეებისთვის უდიდესი პლატფორმაა, სადაც თითოეულ მათგანს საშუალება ეძლევა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინოს და კარიერის სულ სხვა საფეხურზე გადავიდეს.
როგორც კობიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება და მნიშვნელოვანია გუნდმა წარმატებული ასპარეზობა გააგრძელოს.
"ევრო 2024" პირველ რიგში მოთამაშეებისთვის არის უდიდესი პლატფორმა, როდესაც თამაშობენ ასეთ ტურნირზე, სადაც უდიდესი ყურადღებაა თითოეული მოთამაშის მიმართ. რა თქმა უნდა, თითოეულ მოთამაშეს იქ თავის კარგად წარმოჩენის საშუალება ეძლევა და შეიძლება მათი კარიერა აბსოლუტურად სხვა საფეხურზე გადავიდეს. უდიდესი საფეხბურთო ფორუმია, სადაც ჩვენ ვთამაშობთ. იქ უამრავი კლუბებია, მათი წარმომადგენლები აკვირდებიან მოთამაშეებს და უდიდესი შესაძლებლობაა. ამის გარდა, თუ გადავხედავთ იმ კუთხით, თუ რას მოგვიტანს ქვეყანას, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოთამაშეების, ზოგადად ფეხბურთს მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ. გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ვართ ბედნიერები, მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი. ეს გზა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი გახდება უდიდესი მოტივაცია იმ ბავშვებისთვის, ვინც ფეხბურთის თამაშს დაიწყებენ.
რაც შეეხება შანსებს, საკმაოდ ამბიციური გუნდი ვართ, საკმაოდ ახალგაზრდა გუნდია და მე მჯერა, რომ ჩვენს გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა და პერსპექტივა, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და წარმატებით ვითამაშოთ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.