25 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ათწლეულების ოცნება რეალობად იქცა - ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ათწლეულების ოცნება რეალობად იქცა - ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს. 2024 წლის 26 მარტი - დღე, რომელმაც ერი გააერთიანა, თბილისი კი ზეიმის, სიხარულის ცრემლების, ცეკვის და სიმღერის ქალაქად აქცია.

ის, როგორც იბრძოლეს ფეხბურთელებმა მოედანზე და როგორც იზეიმეს სცენაზე - მთელი მსოფლიოსთვის დიდი თავდადების და გულწრფელი ემოციების სანახაობად იქცა. მატჩის გმირები ქვეყნის გმირები გახდნენ, საქართველო კი, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა.

ნაკრები, რომელიც ყოველთვის უგებდა საქართველოს, საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დატოვა. ბერძნები გერმანიაში ვერ მიდიან, ევროპის ჩემპიონატს კი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სახით ღირსეული დებიუტანტი ჰყავს.

4:2 ეს ანგარიში დაფიქსირდა საბოლოოდ დინამო არენას ტაბლოზე, რის შემდეგაც ყველას მხოლოდ ერთი კადრი ახსოვს - ხალხით გადავსებული მოედანი.

პირველი გოლი და პირველი მოგერიებული პენალტი გარდამტეხი ფაქტორი იყო. პირველი დარტყმა თავის თავზე გიორგი ქოჩორაშვილმა აიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ ზეიმის ეპიცენტრმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა. იქ შეკრებილმა ქომაგებმა წინასწარ იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთავარი გმირები, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მათთან ერთად იზეიმებდნენ.

დღის ამბები