სენაკის თეატრის სცენაზე დღეს რეჟისორიც და მსახიობებიც სკოლის მოსწავლეები არიან. მერვეკლასელმა თაზო ჩერქეზიამ თანატოლები შემოიკრიბა და გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხე" თავისი, რეჟისორული ხედვით დადგა. აქ ყველას თავისი როლი აქვს, რომელიც პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაინაწილეს. ბავშვები სასკოლო თეატრალური ოლიმპიადისთვის ემზადებიან, რომელსაც სენაკის, აკაკი ხორავას სახელობის თეატრი, პირველად მასპინძლობს.
13 სკოლა და 200-მდე მოსწავლე - სენაკის გარდა, თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას იღებს ზესტაფონის, ზუგდიდის, ჩოხატაურის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები. ისინი მაყურებლისთვის ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ 15 სპექტაკლს აჩვენებენ, სადაც დასწრებაც თავისუფალი იქნება.
თეატრალური ფესტივალი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხვალიდან დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება. სასკოლო ოლიმპიადის დაარსებისა და ჩატარების მთავარი მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, თეატრალურ ცხოვრებაში მეტი მოზარდის ჩაბმა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა.
ფესტივალის გამხსნელი სპექტაკლი "ჰელადოსია", ოლიმპიადას კი, საზეიმოდ, "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" დახურავს, რის შემდეგაც დაჯილდოება გაიმართება. სასკოლო ჯგუფებს გადაეცემათ მონაწილეობის დიპლომი, თითოეულ ჯგუფში კი ნომინანტები გამოვლინდებიან და დიპლომით და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან. გრან-პრის მფლობელი სპექტაკლი განაცხადს გააკეთებს სიღნაღის სამოყვარულო დასების ან ბათუმის სასკოლო სპექტაკლების ფესტივალზე.