საპატიმროებში წამებისაგან თავისუფლების ინდექსით, საქართველო 2012 წლამდე 147-ე ადგილს იკავებდა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" ბოლო მონაცემით კი, ქვეყანა 46-ე პოზიციაზეა. ინდექსის მიხედვით, საქართველო რეგიონისა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების შორის ლიდერობს. აგრეთვე, უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს, ამ კუთხით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული სიტუაცია, პატიმრების წამებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის ისტორიებიც გაიხსენეს.
წამებისგან თავისუფლების ინდექსში 101 საფეხურით დაწინაურებას, არასაკმარისს უწოდებენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პარტნიორები. "სტრატეგია აღმაშენებელში" კვლავ პენიტენციურ სისტემის გაუმართაობაზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა, რა განაპირობებდა, "ნაცმოძრაობის ხელისუფლების" დროს, წამებისგან თავისუფლების ინდექსში 147-ე პოზიციას - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ.
იმას, რომ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საპატიმროებში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში უარყოფენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ მსჯავრდებულთა მდგომარეობა, დღესაც პრობლემურია და საჭიროა სისტემის რეფორმირება.
წამებისგან თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი ქვეყნის ევროპული სტანდარტებით განვითარების ერთ-ერთი დასტურია მმართველი გუნდისთვის. გირგვლიანის წამება, მოლაშვილის საქმე, რობაქიძის მკვლელობა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, დღეს, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებიც გაიხსენეს. თქვეს ისიც, რომ ამ კუთხით ვითარების მკვეთრად გაუმჯობესების საერთაშორისო აღიარება ოპონენტებში ცრუ ბრალდებების კამპანიას ასტიმულირებდა.
V-dem-ის კვლევას, დღეს, იუსტიციის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. უწყებაში ამბობენ, რომ 101 პოზიციით დადებითი პროგრესი, სისტემის გამჭვირვალე და სწორ მუშაობას ადასტურებს.
"დემოკრატიის მრავალფეროვნება" შვედეთის გოტენბურგის უნივერსიტეტის პროექტია. ორგანიზაციასთან, მსოფლიოს მასშტაბით, 4000-ზე მეტი ანალიტიკოსი თანამშრომლობს. ვიდემის კვლევებს, "გლობალური მმართველობის ინდიკატორების" დასადგენად, მსოფლიო ბანკიც იყენებს.