25 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი თაღლითური სქემა საქართველოში - ამ ეტაპზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულში 7 პირია მხილებული

ასობით დაზარალებული და თაღლითური გზით მითვისებული ასი ათასობით ევრო. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში უცხო ქვეყნის 5-მა მოქალაქემ შექმნა. თანხების უკანონო დაუფლების მიზნით, ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სოციალურ ქსლებში შექმნილი ყალბი გვერდების საშუალებით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს. ნდობის მოპოვების შემდეგ კი, წინასწარ კარგად მოფიქრებული სქემით, მსხვერპლს საბანკო ანგარიშებზე თანხებს არიცხვინებდნენ. ტრანსნაციონალური დანაშაული ქართველმა სამართალდამცავებმა გახსნეს.

დანაშაულს არაერთი დაზარალებული ჰყავს. "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩვენებაში ნიდერლანდების მოქალაქე ამბობს, რომ, სოციალური ქსელის მეშვეობით, უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა, მისი ნდობა მოიპოვა და, სხვადასხვა პირის ანგარიშზე, საქართველოში 130000-მდე ევრო გადაარიცხვინა.

ამ ეტაპზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულში სულ 7 პირია მხილებული. მათ შორის, საქართველოს მოქალაქე 2 ქალია. ერთ-ერთი ბრალდებული მარტოხელა დედაა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას კი, ამტკიცებს, რომ თავადაც მოატყუეს და თაღლითურ სქემაში ისე ჩართეს, რომ არაფერი იცოდა.

დაკავებულებს შორის ნიგერიის ორი მოქალაქეცაა. მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, იძებნება სამი პირი, რომელმაც ქვეყნის დატოვება მოახერხა. მათ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დაუსწრებლად იმსჯელა.

არა არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში, ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს. საქმეზე გამოძიება, დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, კვლავ გრძელდება.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ პატიმრობაში ყოფნა 7-დან 10 წლამდე მოუწევთ.

დღის ამბები