25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის აკრძალვისთვის - "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული დოკუმენტი 8 პუნქტს მოიცავს

ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის აკრძალვისთვის - "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული დოკუმენტი 8 პუნქტს მოიცავს. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

იკრძალება ისეთი შეკრება და იმ შინაარსის მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანების ურთიერთობის, ინცესტის, ერთსქესიანი წყვილის, არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის, მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ამ შინაარსის ინფორმაციის მიწოდება იკრძალება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში, მდედრობითი ან მამრობითი სქესი გენეტიკური მონაცემის შესაბამისად განისაზღვრება, შვილად აყვანა კი მხოლოდ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს ან ჰეტეროსექსუალ პირებს შეეძლებათ.

ცვლილების ავტორების თქმით, ახლა მთავარია ბალანსი - სად გადის ზღვარი უფლებების დაცვასა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდას შორის.

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე მსჯელობისა და მისი მხარდაჭერისკენ, მმართველმა ძალამ ოპოზიციას დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. პარტიების ნაწილი "ქართული ოცნების" შეთავაზებულმა ვერსიამ სავარაუდოდ დააბნია. პოზიციის გამოხატვას ერიდებიან "ლელოში", ასევე საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ნაწილში. ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციაში კი, დღეს ყველას ერთი პასუხი ჰქონდა.

"ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. გიორგი გახარიას გუნდი განხილვებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა მხარდაჭერაზე წინასწარ არ საუბრობს. "ოცნების" მიერ წარმოდგენილი ცვლილებების ნებისმიერ ვერსიას "ევროპელი სოციალისტები" ხმას მისცემენ, "გირჩი" ფიქრის რეჟიმშია და საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მეტი არგუმენტი სჭირდება.

"ქართულ ოცნებაში"” ამბობენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც, დაანონსებულ ყველა ცვლილებას, შესაბამის კანონებში მათ გარეშეც შეიტანენ. 

დღის ამბები