გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და "ჰამასის" მიერ მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. აშშ-ს, რომელსაც ვეტოს დადების უფლება ჰქონდა და არ გამოიყენა, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. წარსულში აშშ მსგავს რეზოლუციებს ვეტოთი ბლოკავდა. კერძოდ, მათ აქამდე დაბლოკეს 3 რეზოლუცია, რომლებშიც მძევლების გათავისუფლება ნახსენები არ ყოფილა.
რეზოლუცია "ითხოვს რამადანის თვეში ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც ყველა მხარე პატივს უნდა სცემდეს და მათ ხანგრძლივ, შენარჩუნებად ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანს, ასევე მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას".
"ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ 130 ისრაელელი მძევალი კვლავ პალესტინური დაჯგუფებების ტყვეობაში რჩება.
რეზოლუცია ასევე ითხოვს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შედინების გაფართოებასა და ყველა ბარიერის მოხსნას.
ხმის მიცემამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ აშშ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებდა, ვაშინგტონში დელეგაციის შეხვედრებს გააუქმებდა.
აქამდე, აშშ-მა საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა, როცა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასა და ბრძოლების შეჩერებას ითხოვდნენ.
აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.
აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ს, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობდა მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები ისრაელსა და "ჰამასს" შორის. CNN-ის ცნობით, ისრაელი თანახმა იყო ამ შეთანხმებაზე.
აშშ-ის მიერ ვეტოსგან თავის შეკავების შემდეგ პრემიერმა ნეთანიაჰუმ გააუქმა ვაშინგტონში საკუთარი მთავარი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცახი ჰანეგბის დელეგაციის ვიზიტი. ნეთანიაჰუ აშშ-ს ომის მიზნების ხელის შეშლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ვაშინგტონმა საკუთარ პოზიციას გადაუხვია.