25 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
"კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს" -  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონი ძალაში შევიდა. პრეზიდენტის ნაცვლად, ახალ კანონს ხელი ისევ პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. მიზეზი კვლავ სალომე ზურაბიშვილის ვეტოა. თუმცა, დეპუტატებმა მის მეხუთე უარს ისევ წითელი შუქი აუნთეს და ცვლილებები მაინც დაამტკიცეს. მმართველმა გუნდმა კანონის მიღების აუცილებლობის არაერთი არგუმენტი დაასახელა - პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცვლილებები პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს დაძლიოს "19 აპრილის შეთანხმების" მიერ შექმნილი ჩიხი და ცესკო-ს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე აირჩიოს. აქამდე მოქმედი რეგულაცია, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და ის მხოლოდ მედიატორის დაჟინებული იდეის გამო შემუშავდა. სახელისუფლებო პარტიაში ისიც თქვეს, რომ ოპოზიცია ამ ჩიხური სიტუაციის არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის საბაბად გამოყენებას გეგმავდა.

პარტია "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი სიორიძე, რომელიც ამ დრომდე ცესკო-ს თავმჯდომარის სათადარიგო სკამზე იჯდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. "ლელოს" პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობაც". ორივე პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპას დააშორებს.

ნაკლებად პესიმისტურია ოპოზიციის მეორე ნაწილის განწყობა პრეზიდენტის ვეტოდაძლეული კანონის შესახებ. პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩში" არც იმას გამორიცხავენ, რომ გარკვეული შეთანხმების საფუძველზე, ცესკო-ს თავმჯდომარედ მხარი "ქართული ოცნების" შეთავაზებულ კანდიდატსაც დაუჭირონ. გახარიას პარტიაში კი ცვლილებები არ მოსწონთ, თუმცა, ხარვეზებს წინა მოდელშიც ხედავდნენ.

ოპოზიციის უარი ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას ხელს ვეღარ შეუშლის. მის დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმა არის საჭირო, "ქართულ ოცნებას" კი საკანონმდებლო ორგანოში 80 დეპუტატზე მეტი ჰყავს. აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ რადიკალურ გეგმებს ვეღარ განახორციელებს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მეხუთე კანონი იყო, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო 5 მარტს დაადო. სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებს, დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი ისევ არ დაუჭირა. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია და კანონი ძალაში დღეიდან შევიდა.

"კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს" - ეს "ქართული ოცნების" მთავარი არგუმენტია.

დღის ამბები