ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების დეპუტატები ისევ შეიკრიბნენ. ამჯერად მხოლოდ პარლამენტის საგარეო და ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტების თავმჯდომარეები ხვდებიან ერთმანეთს. როგორც რუმინეთის სენატის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, გაფართოება საქართველოს გარეშე არ იქნება სწორი:
"მოხარული ვარ ევროკავშირის პროგრესული მოსაზრებით საქართველოს შესახებ. საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევროპული ცივილიზაცია და კულტურა. ამიტომ, გაფართოება საქართველოს გარეშე არ იქნება სწორი. ყველა პლენარულ სესიაზე მე აღვნიშნავ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოსადმი ჩემს მხარდაჭერას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ევროპისთვის, რომ საქართველო მისი ნაწილი იყოს. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა უსაფრთხოების კუთხით შავ ზღვაში, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისთაც," - აცხადებს რუმინეთის სენატის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვასილე დინკუ.
გაფართოების მნიშვნელობაზე საუბრობს ბელგიის სენატის წევრიც, რომელიც აღნიშნავს, რომ კარგად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის გაფართოების საკითხი.
"ჩვენ ვხედავთ გაფართოების საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის. პროგრესისთვის აუცილებელია ერთად ვიმუშაოთ, რომ საზოგადოებას სწორი გზავნილები და იმედი მივცეთ. ვიცით, რომ გაქვთ პრობლემებო რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის გამო. ბელგია თავის პრეზიდენტობის პერიოდში დაინტერესებულია პროგრესით. გვსურს მოგცეთ როგორც იმედი, ისე პასუხები ამ საკითხზე არსებულ კითხვებზე. გაფართოებისთვის აუცილებელია საერთო ღირებულებები. ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი ევროპა," - აღნიშნავს ბელგიის სენატის წევრი, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაეტან ვან გოიდსენოვენი.