25 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"ვეტინგსა" და კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომელთაც საკმაოდ ბუნდოვანი და არაგამჭვირვალე დაფინანსება აქვთ - რატი იონათამიშვილი

მმართველ გუნდში სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსის გამოქვეყნებას ეხმაურებიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი, ამის ფონზე კი ოპოზიცია და ის ძალები, რომელთა დაფინანსება არაგამჭვირვალეა, სასამართლო სისტემაზე მავნებლურ განცხადებებს აკეთებენ.

"სანდო, ავტორიტეტული და ობიექტური საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის ევროპული სტანდარტის სასამართლო და ის უსწრებს, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, ასევე, ნატოს ქვეყნებსაც. ყველაფერ ამის ფონზე, "ვეტინგზე", კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომელთაც საკმაოდ ბუნდოვანი და არაგამჭვირვალე დაფინანსება აქვთ. ცხადი ხდება, რომ მათი ინტერესი ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობა და განვითარება კი არ არის, არამედ, მისი დამორჩილებაა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მზაკვრული გეგმები განახორციელონ," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება "ხალხის ძალას", დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ამ საკითხზე ნეგატიურ როლს თამაშობს.

"სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკის წარმოებაში გარე დაფინანსებები კიდევ უფრო მეტ აქტიურ მონაწილეობას იღებს და ეს კეთდება ოპოზიციის უდიდესი ნაწილისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით. ამიტომ, გასაგებია, როდესაც სასამართლოს მორჩილება არის წინაპირობა პოლიტიკის მორჩილებისა, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია იქნებიან აქტიური და ერთიანი ამაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ ასეთ დესტრუქციულ და ნეგატიურ ერთობას უნდა დავუპირისპიროთ თავისუფალი სასამართლო, ქვეყნის სუვერენიტეტი და თავისუფალი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული," - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსი გამოაქვეყნა. სასამართლოს კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა, ევროპის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ამავე მონაცემებით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. ასევე, ორგანიზაციის კვლევით, უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო, ზედიზედ 11 წელია, დადებითი მოდელური ნიშნით ფასდება, ბოლო 8 წლის მაქსიმუმზეა, რეგიონში ლიდერობს, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ ექვს ქვეყანას უსწრებს.

დღის ამბები