შვლის ნუკრი, ხმელი წიფელი, დაჭრილი არწივი, ყვავ-ყორნები - ყველა ეს პერსონაჟი, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან თქვენთვის კარგად ნაცნობია. ქართველმა მხატვარმა კი ამ გმირებს თავი ერთ ნახატში მოუყარა. ვაჟას ცნობილი პერსონაჟები დიდ მასშტაბში თავად ვაჟას სახეს ქმნიან. ნახატის ავტორი გოჩა ძაგანაშვილია. მხატვარი, რომელიც "მთის არწივს" - ანუ ვაჟა-ფშაველას თვეების განმავლობაში ხატავდა.
ვაჟას პორტრეტის შექმნის იდეა 22 წლის წინ გაჩნდა, გონებაში შტრიხები მოხაზა, პერსონაჟები ერთმანეთს დაუახლოვა და ერთ დიდ მთლიანობად ქცეული სახე ტილოზე გადაიტანა.
ხატავს ყველაფერს ყველაფერზე - ტილოზე, ფურცელზე, ხშირად მაინც ცხოველებს. ეს ისაა, რამაც მისი შემოქმედების მთავარი ტოლობის ნიშანი დასვა და იქცა ანიმალისტად.
ცხოველთა მემატიანე სულ ახლის ძიებაშია - ეს უკვე პროფესიული ჩვევაა. საათობით აკვირდება ბევრჯერ ნანახსაც. ნატურიდან ხატვა დიდი ფუფუნებაა.
ვიდრე ზოოპარკს ახალი ცხოველები დაემატება, ჯერ არ ნანახს დახატავს, მათი მთლიანობით, ლიტერატურული სცენების კონტრასტული შერწყმით შექმნის კიდევ ერთ, ახალ რეალურ პერსონაჟს, რეალური ისტორიას, რომელიც მხოლოდ ლიტერატურული ნაშთი აღარ იქნება.
ავტორი: ანი გენებაშვილი