25 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ეროვნული ნაკრების ორი უბილეთო გულშემატკივარი - ვინ არიან ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვები, რომლებიც მატჩის დაწყებამდე 5 საათით ადრე სტადიონზე შეიპარნენ

ისტორიულ მატჩამდე 5 საათით ადრე გადაღებულმა ვიდეომ მთელი საქართველო აალაპარაკა. ეროვნული ნაკრების ორმა უბილეთო გულშემატკივარმა, საქართველოს დროშის ფერებიანი ქურთუკებით, სტადიონზე მოსახვედრად გზა მაინც გამონახა.

ვიდეოს მთავარი გმირები 11 წლის ლუკა და ილია არიან. მეგობრები, კლასელები და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ბიჭები, ფეხბურთს თავადაც კარგად თამაშობენ. სწორედ ამ უზომო სიყვარულმა გადააწყვეტინა პატარა გულშემატკივრებს სტადიონზე შეპარვაც.

სტადიონზე შევიდნენ და პირველი სელფებიც გადაიღეს, ფოტოების მთავარი ადრესატები ლუკას და ილიას მშობლები იყვნენ. ვიდეოს ავტორი კი დაჯი ლიპარტელიანია, რომ არა ის, ლუკას და ილიას ვერავინ გაიცნობდა.

ფეხბურთზე შეყვარებულ ლუკას და ილიას სპორტის გარდა, სწავლაც აერთიანებთ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ხშირად ერთად მეცადინეობენ, ერთად უყურებენ ფეხბურთსაც. გამონაკლისი არც საქართველო-ლუქსემბურგის ისტორიული მატჩი იყო.

ემოციები ზოგმა სახლში, ვინც შეძლო კი სტადიონზე გამოხატა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშმა ყველა გააერთიანა. ყიჟინას 26 მარტს ლუკას და ილიას ხმა უკვე სტადიონიდან შეემატება, იქამდე კი პროგნოზს აკეთებენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები