უკრაინელ სამხედროებს ისევ იარაღის დეფიციტი აქვთ. კიევი კი მოკავშირეებს კვლავ საბრძოლო მასალის მიწოდებას სთხოვს. უკრაინისთვის იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა 60 მილიარდიანი დახმარების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის წინააღმდეგობის გამო, კონსენსუსის მიღწევა თვეებია ფერხდება. დრო ომში გადამწყვეტია, საბრძოლო მასალა კი ფრონტის ხაზზე მალე იწურება.
ვაშინგტონში დახმარების დამტკიცება ჭიანურდება, რაც კიევის სხვა მოკავშირეებს იძულებულს ხდის გააქტიურდნენ და მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას. გერმანია მზადაა ომში მყოფ ქვეყანას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცეს. დახმარების ახალ პაკეტში 100 ჯავშანმანქანა, 100 სატრანსპორტო მანქანა და 10 000 საარტილერიო ჭურვი შედის.
იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორები, ძალიან დიდ როლს თამაშობენ გლობალური სამხედრო და გეოპოლიტიკური ტენდენციების ჩამოყალიბებაში. იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორი სიის სათავეში კვლავ შეერთებული შტატებია, ბოლო წლებში, ამერიკული იარაღის ტოპ 3 იმპორტიორი კი საუდის არაბეთი, იაპონია და კატარი იყო.
რუსეთმა, მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მოსკოვში ამ მონაცემებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ რუსულ სამხედრო პროდუქტებზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
ფაქტია, რომ რუსეთი დიდ ძალისხმევას დებს იარაღის საწარმოებლად და საბრძოლო დანაყოფების აღსადგენად. უკრაინა კი, მხოლოდ საგარეო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პარტნიორების მხარდაჭერა კიევისთვის უმნიშვნელოვანესია.