საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება, დღეს გამართული მოსამართლეების კონფერენციის შემდეგ გააკეთა და განმარტა, რომ საკითხის მიმართ მოსამართლეები ერთსულოვნები არიან.
მისი თქმით, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ ამ გზით კონკრეტულ პირებს სასამართლოს ხელში ჩაგდება სურთ.
"დღევანდელი კონფერენცია იყო ყველაზე ხალხმრავალი, რაც კი მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. "ვეტინგის" თემასთან დაკავშირებით მოსამართლეები იყვნენ ერთსულოვნები, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერ შემოწმებას და რეალურად ეს მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება. რაც შეეხება სხვა საკითხს, იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევა, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა აღნიშნული წევრების არჩევა, ეს არის ბატონი ვასილ მშვენიერაძე და ბატონი ლევან თევზაძე, ხოლო მდივნად ისევ არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი", - განაცხადა ლევან მურუსიძე.