25 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ე.წ. ვეტინგის სისტემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება - არჩილ თალაკვაძე

"ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას არ დავუშვებთ" - აცხადებენ მმართველ გუნდში და ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ ინიციატივას აბსურდულს უწოდებენ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა დაუშვებელია. სახელისუფლებო გუნდის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია და ამას საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.

როგორც ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განმარტა, ე.წ. ვეტინგის სისტემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

"გვთავაზობენ იმის გაკეთებას, რასაც არ აკეთებს ევროპა და პრაქტიკულად არც ერთი ევროპული სახელმწიფო. ეს ე.წ. ვეტინგის სისტემა ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. მეტსაც ვეტყვი ჩვენს ოპონენტებს, კეთილსინდისიერების ტესტი არის ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ თავს ესხმოდით 2 წლის განმავლობაში და შემდეგ აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ ქართველმა მოსამართლეებმა, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს აქვს კეთილსინდისიერების და რისკების შემოწმების მექანიზმები და რა თქმა უნდა, "ვეტინგი" არის თავს მოხვეული. პოლიტიკური შეფასებაც, რომ მივცეთ, "ვეტინგი" არის შეფუთული წმენდა, რომელიც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა სასამართლოში, რომ დაემორჩილებინა სასამართლო და ის გადაექცია პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად. ჩვენ ამ გზით არ წავედით და არც მომავალში არ ვაპირებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები